იაპონია ფუკუშიმას განადგურებული ბირთვული სადგურიდან 1 მილიონ ტონაზე მეტი დაბინძურებული წყლის გაშვებას ზღვაში გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმციას Reuters-ი ავრცელებს.
მთავრობის განცხადებით, წყლის გაშვების სამუშაოები დაახლოებით ორ წელიწადში დაიწყება და მთელ პროცესს, სავარაუდოდ, ათწლეულები დასჭირდება. იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოშიჰიდა სუგას განცხადებით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამ წყლის წყნარ ოკეანეში გაშვება "ყველაზე რეალისტური" ვარიანტია.
ბირთვული სადგურის ოპერატორი, Tokyo Electric Power-ი და მთავრობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გასაშვები წყლიდან რადიოაქტიური მასალის, ტრიტიუმის ამოღება, რომლის მცირე რაოდენობა მავნე არ არის, შეუძლებელია, მაგრამ სხვა რადიონუკლიდების დასაშვებ დონემდე შემცირება შესაძლებელია.
მედიის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილება დაბინძურებული წყლის ზღვაში გაშვებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მეზობელი სახელმწიფოებისა და ადგილობრივი მეთევზეების უკმაყოფილებას გამოიწვევს.