იანვრის მეორე კვირაში, წინა კვირასთან შედარებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და ასი ათას ადამიანზე 219 შემთხვევა შეადგინა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გაზრდილია სეზონური ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორივე მონაცემი შემცირებულია. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში გაზრდილია ვაქცინაციის მაჩვენებელი და სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინა რისკის ჯგუფში შემავალმა 97 ათასმა ადამიანმა გაიკეთა. მისივე ინფორმაციით გრიპის სეზონი მარტის ბოლომდე აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება ტამიფლუს მარაგს გამყრელიძის თქმით ქვეყანაში წამლის საკმარისი მარაგია. არსებულ სიტუაციაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივების მიზეზს ვერ ხედავს.