„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა და 345 მილიონ 100 ათას ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.
კერძოდ, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 526 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 4.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 65.6 პროცენტს შეადგენს.2020 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 81.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი 62 მილიონ 900 ათასი დოლარით, რუსეთი - 53 მილიონ 800 ათასი და ბულგარეთი 50 მილიონ 600 ათასი დოლარით.
„საქსტატის“ ცნობით, იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 89 მილიონ 200 ათასი დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები - 42 მილიონ 200 ათასი დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 28 მილიონ 300 ათასი დოლარით.