მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი - მარტი) საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 126 ადამიანი უკრაინის, ხოლო 21 - რუსეთის მოქალაქეა. ამავე პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთაგან 52 პირი არის თურქეთის მოქალაქე, ირანის - 31, ავღანეთის - 17, ეგვიპტის - 16.
რაც შეეხება სტატუსის მინიჭებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთაგან წლის პირველ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი სულ 51-მა პირმა მიიღო, მათგან უკრაინის 13-მა და რუსეთის არცერთმა მოქალაქემ, ასევე სტატუსი მიენიჭა ავღანეთის 21 და იემენის 7 მოქალაქეს.
ლტოლვილის სტატუსი მოცემულ პერიოდში არც უკრაინის და არც რუსეთის მოქალაქეებს არ მინიჭებიათ. ეს სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 9 მოქალაქემ მიიღო, მათ შორის არიან ეგვიპტის, ავღანეთის, პაკისტანისა და თურქეთის მოქალაქეები.