“საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოდან 539 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ადგილობრივი საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-მარტში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 69.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 778 მილიონ 200 ათასი დოლარით განისაზღვრა, რაც 5.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 79.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი 97 მილიონ 100 ათასი დოლარით, ბულგარეთი 83 მილიონ 100 ათასი და რუსეთი 82 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარით. ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, ხოლო მესამე ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს.