ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყნის მთავარი ხაზინის შემოსავლებმა ჯამში 6,791 მლრდ ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუჯეტმა შემოსავლების სახით 5,957 მლრდ ლარი მიიღო. ანუ გამოდის რომ მიმდინარე წელს შემოსავლები 834 მლნ ლარით გაიზარდა.
რაც შეეხება შემოსავლებს სხვადასხვა გადასახადის მიხედვით. 7 თვეში ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადიდან 1,877 მლრდ ლარი მიიღო, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 22 მლნ ლარით მეტია. ასევე დაახლოებით 526 მლნ ლარით არის გაზრდილი დღგ-დან მიღებული შემოსავლების მოცულობაც, უფრო კონკეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტმა დღგ-დან შემოსავლის სახით 2,581 მლრდ ლარი მიიღო.
რაც შეეხება მოგების გადასახადიდან მიღებულ შემოსავალს, მიმდინარე პერიოდში მან 646,5 მლნ ლარი შეადგინა. აქციზიდან ბიუჯეტმა 902 მლნ ლარი მიიღო, იმპორტის გადასახადიდან 46,7 მლნ ლარი, ხოლო სხვა გადასახადებიდან ბიუჯეტში ამ 7 თვის განმავლობაში 35,5 მლნ ლარი შევიდა. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით დაახლოებით 17 მლნ ლარით შემცირდა.