"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი განცხადებას ავრცელებს. იგი სასამართლოსგან "რუსთავი 2"-ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს. კიწმარიშვილი სასამართლოს მოუწოდებს უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი.
როგორც კიწმარიშვილი აცხადებს, კომპანია "პანორამას" კუთვნილი წილების გასხვისება სხვა პირებზე იქამდე არ უნდა მოხდეს, სანამ არ დასრულდება დავა მასსა და პანორამას შორის ტელეკომპანიის 30%-იანი წილის მისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ია კიწმარიშვილი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის გაყიდვა გამოიწვევს მისი, როგორც მესაკუთრის უფლებების დარღვევას და უკვე მეორედ დაზარალებას.
ამასთან, კიწმარიშვილი წერს, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მეორდება იგივე სცენარი, რაც წინა ხელისუფლების დროს ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით განხორციელდა.