ია კერზაიასთან დაკავშირებულ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწვიტა. როგორც უწყებაში განმარტავენ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველის დანაშაულის ნიშნების არარსებობა გახდა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენერალურმა პროკურატურამ გადაამოწმა ყველა ის გარემოება, რომელიც შეეხებოდა საჩივარ/განცხადების მიღების, რეგისტრაციის, ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების კანონიერებას და რომლის შესწავლის აუცილებლობაზეც მიუთითებდა თავად განმცხადებელი გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას. გამოძიების ფარგლებში მრავალი მოწმისგან მიღებული ჩვენებით და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით არ დადასტურდა ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დევნა, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ის ფაქტი, თითქოს სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. ამასთან, ასევე არ დადასტურდა რაიმე სახის კავშირი ია კერზაიას გარდაცვალებასა და ჩატარებულ ინსპექტირებას შორის“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.