საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში განმარტებულია, ეს ხელისუფლების მხრიდან არასაკამრისი რეგულირების გამო ხდება. უფრო კონკრეტულად კი, ანგარიშის ავტორების ინფორმაციით, საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, შესვენების დროს, ყოველკვირეულ დასვენებას და ღამის საათებში მუშაობას. ამასთან, არ უზრუნველყოფს ხელისუფლების მხრიდან შრომის პირობების სრულ ინსპექტირებას.
Human Rights Watchm-მა ასევე შეისწავლა დასაქმების სხვა პრაქტიკაც, რომელიც არღვევს შრომის უფლებებს. კერძოდ: ეს არის მუშაობის ხანგრძლივი საათები, არასათანადო შესვენება და ყოველკვირეული დასვენების არარსებობა. აგრეთვე ზეგანაკვეთური მუშაობის არასათანადოდ ანაზღაურება, წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა და ხელფასების უსამართლოდ დაქვითვა. მათივე ინფორმაციით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველომ 2006 წელს გააუქმა შრომის ინსპექცია და მნიშვნელოვნად შეამცირა დასაქმებულთა უფლებები შრომის კოდექსში. ამის შემდეგ სამუშაო ადგილზე ყოველწლიურად დაღუპულთა რიცხვი 74%-ით გაიზარდა.
ანგარიშის ავტორების რეკომენდაციით, საჭიროა დროულად მოხდეს რეგულაციებისა და ინსპექტირების გამკაცრება მაღაროელებისა და მეშახტეების დასაცავად. ამასთან, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს შრომის კანონმდებლობას, რათა დააწესოს ლიმიტი სამუშაო საათებზე და აღმოფხვრას სხვა სამუშაო წნეხი, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს. ასევე, აუცილებელია, რომ შეიქმნას სრულმასშტაბიანი დამოუკიდებელი შრომის ინსპექცია, რომელსაც ექნება ფართო მანდატი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეამოწმოს ყველანაირი სამუშაო პირობები.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შრომის უსაფრთხოების კანონი არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშ, არამედ ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე გავრცელდება და ობიექტების შემოწმება შრომის ინსპექტორებს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ნებართვის გარეშე შეეძლებათ. ამასთან ბიზნეს სექტორი ვალდებული იქნება, რომ ადგილზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეს.