ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული მშვიდობიანი აქციის შემდეგ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო. არეულობამ და დაპირისპირებამ მეტროშიც გადაინაცვლა. პოლიციამ დემონსტრანტების წინაღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მეტროში გამოიყენა. ახლო მანძილიდან ნასროლი რეზინის ტყვია ერთ-ერთ მოქალაქეს სახეში მოხვდა.
ამასთანავე, ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქცის მონაწილეების სიმრავლის გამო ის დროებით დაიკეტა და რეისების ნაწილი გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი 1997 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, რომელიც ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა.