ჰონგ-კონგში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, თუმცა ამჯერად მოქალაქეებმა პროტსტის გამოხატვის უჩვეულო გზა აირჩიეს და ხელში უბრალოდ ცარიელი სუფთა ფურცლები დაიკავეს, ყოველგვარი ლოზუნგების გარეშე. აღნიშნულის მიზეზია ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონის ფარგლებში სხვადასხვა სლოგანების აკრძალვა.
„ეს სლოგანები ყოველთვის იქნება ჩემს გულში და ეს სიტყვები ყოველთვის დარჩება თეთრ ფურცელზე, რაც არასოდეს გაქრება“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ახალი კანონმდებლობით ზოგ შემთხვევაში სამუდამო პატიმრობით ისჯება დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია სეპარატიზმთან, ხელისუფლების დამხობასთან, ტერორიზმთან და უცხო ქვეყნის ძალებთან ფარულ მოკავშირეობასთან. კანონის ამოქმედების მომდევნო დღეს, „როიტერის“ ინფორმაციით, მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობის დროშის დემონსტრირება მოახდინა.
ადგილობრივმა მთავრობამ სლოგანი „გათავისუფლდეს ჰონგ-კონგი, ჩვენი დროის რევოლუცია“ უკანონოდ გამოაცხადა, მამაკაცი კი, რომელმაც საპროტესტო აქციის დროს აღნიშნული დროშით პოლიციელებს მოტოციკლით ჩაუარა, ტერორიზმსა და სეპარატიზმის გაღვივებაშია ბრალდებული. ცნობისთვის, ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ახალი კანონი მაისში დაამტკიცა. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ახალი კანონი, სავარაუდოდ, ჰონგ-კონგის უნიკალური სტატუსის დასასრულს მოასწავებს. კანონის წინააღმდეგ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება.