ჰონგ-კონგში ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციები გრძელდება. დახურულია სკოლები და გადაკეტილია ავტომაგისტრალები. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ოთხშაბათს მომხდარი შეტაკების შედეგად 64 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დემონსტრანტებმა დაწვეს მანქანები და შენობები, პოლიციის შენობებსა და მატარებლებში ააფეთქეს ხელნაკეთი ყუმბარები, დაარბიეს სავაჭრო ცენტრები და უნივერსიტეტების ბლოკირება განახორციელეს.
შავებში შემოსილმა დემონსტრანტებმა და სტუდენტებმა მთავარი გზები გადაკეტეს, მათ შორის, ჰონგ-კონგისა და კოულუნის დამაკავშირებელი გვირაბი. პოლიციამ გვირაბთან ახლოს ცრემლსადენი გაზი გაუშვა, თუმცა დემონსტრანტების დაშლა ვერ შეძლო.
ანტი-სამთავრობო აქციები ჰონგ-კონგში მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.