"ჰონგ-კონგის პოლიციამ დღეს განაცხადა, რომ ანტისამთავრობო აქციის დროს 36 ადამიანი დააკავეს და მათ შორის ყველაზე უმცროსი 12 წლისაა", - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
გასულ უქმეებზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები განახლდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" გამოიყენეს, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა კი მათ წყლის ჭავლითა და ცრელმსადენი გაზით უპასუხეს.
პოლიციის ინფორმაციით, მათ 12-დან 48 წლამდე 29 მამაკაცი და 7 ქალი უკანონო შეკრების, იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
მილიონიანი საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის შეტანამ გამოიწვია. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ჰონგ-კონგიდან ჩინეთში ეჭვმიტანილების ექსტრადიციას შესაძლებელს გახდიდა. კანონი გაურკვეველი ვადით უკან გაიწვიეს, თუმცა დემონსტრანტები მასზე სამუდამოდ უარის თქმას და ამასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვენ.