ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს, რამდენიმე დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. დელეგაცია 30 სხვადასხვა პროფესიული სექტორის წარმომადგენელს აერთიანებს. ვიზიტის მიზანია დელეგაციის წევრები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რასაც საქართველო სთავაზობს. ამასთან, გააფართოვონ კავშირები და მოიძიონ ბიზნესპარტნიორები. ბიზნესდელეგაციას, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს, რომელმაც იმედი გამოთქვა რომ ღონისძიება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. შეხვედრაზე დელეგატებმა ინტერესი გამოხატეს ისეთი სექტორების მიმართ, როგორებიცაა ტურიზმი, წარმოება, ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონება და სხვა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა, დელეგატებს, საქართველოს ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.ბიზნესდელეგაციის განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა მიიპყრო. სექტორში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია დელეგატებს, "საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს რკინიგზის წარმოამდგენლება გააცნეს.შეგახსენებთ, გასულ წელს, საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელმაც 2 ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით, დამატებითი პერსპექტივები გააჩინა.