ჰონგ-კონგის პოლიციამ უსაფრთხოების ახალი კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილი 7 ადამიანი დააკავა,- ამ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაკავებულებს შორის ჰონგ-კონგელი მედია მაგნატი ჯიმი ლეიცაა, რომელიც უსაფრთხოების ახალი კანონის დარღვევაში, კერძოდ კი, უცხო ძალებთან საიდუმლო გარიგებაში, არის ეჭვმიტანილი. სამართალდამცავები დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ოპერაცია გრძელდება და არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ცნობისათვის, პეკინის განმარტებით, უსაფრთხოების კანონი ითვალისწინებს სასჯელს, მათ შორის სამუდამო პატიმრობას, დივერსიული საქმიანობისთვის, სეპარატიზმისთვის, ტერორიზმისა და უცხო ძალებთან საიდუმლო გარიგებისთვის. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი ჰონგ-კონგში მოქალაქეების თავისუფლებას ზღუდავს.