HOLLYWOOD - კინო - მომნუსხველი სამყარო სადაც ერთდროულად განიცდი ადამიანურ განცდებს ასე ახლოს და ნაცნობს და ამავე დროს რამდენიმე წუთით რეალობას მოწყვეტილი ოცნების სიღრმეებში ტკბები იდეალებით. მას შემდეგ რაც ეკრანზე ამოძრავებული გამოსახულება გაჩნდა, დაიწყო ახალი ეპოქა. ათეულობით ადამიანის ნაშრომი სადაც გაერთიანებულია ლიტერატურა, თეატრი, სახვითი ხელოვნება და მუსიკა მილიონობით მაყურებლის ვერდიქტით აგრძელებს არსებობას. საუკუნეზე მეტი რაც კინოხელოვნება არსებობს და ცოცხალი ორგანიზმივით ვითარდება კაცობრიობასთან ერთად, ითვისებს ახალ ტექნოლოგიებს და სიძველით გაჟღენთილი თანამედროვეობაში იშლება. თითოეულ ადამიანს, ვინც ერთი ფილმის გადასაღებად მუშაობს იქნება ეს რეჟისორი, მსახიობი, სცენარის ავტორი მემონტაჟე და სხვა - უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად, და არიან ასევე ადამიანები, რომელთა თანამონაწილეობა კინოს განვითარებაში ტიტრებში არ ჩანს, მაგრამ მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ისეთი კომპანიების აღმოცენება, რომელთა ნაშრომებს მოუთმენლად ველით.
ჩვენი დღევანდელი გადაცემა ამერიკული კინოინდუსტრიის ყველაზე სახელგანთქმულ ბრენდ - ჰოლივუდს დაეთმობა. ადგილი სადაც მსოფლიოსთვის ცნობილი რეჟისორების ყველასთვის საყვარელ ფილმებს ქმნიდნენ და დღემდე გვანებივრებენ და ბრენდი, რომლის ქვეშ არაერთი ცნობილი თუ უცნობი კომპანიაა გაერთიანებული.
ეს არის ყველაზე მსხვილი და შემოსავლიანი კორპორაცია მსოფლიოში რომლის წლიური მოგება 11 მილიარდ დოლარს სცდება, რაც გამოშვებული ფილმების რაოდენობასა და შემდგომ მათ გაყიდვებზეა დამოკიდებული. 2021 წლისთვის აშშ-ში 4385 ფილმისა და ვიდეოს მწარმოებელი კომპანიაა.