ჰელსინკის აეროპორტი ევროპაში მგზავრთა მომსახურების საუკეთესო გამოცდილებისთვის დაჯილდოვდა. აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ მსოფლიოში ცნობილი აეროპორტის სერვისის ხარისხის ჯილდოს გამარჯვებულები გამოავლინა. აღნიშნული ჯილდო მსოფლიოს მასშტაბით იმ აეროპორტებს ენიჭება, რომლებსაც მათივე მგზავრების მოსაზრებით მომხმარებელთა მომსახურების საუკეთესო გამოცდილება აქვს. ჰელსინკის აეროპორტმა ჯილდო ზომისა და რეგიონის მიხედვით საუკეთესო აეროპორტის ნომინაციაში მიიღო.
აეროპორტის სერვისის ხარისხის ჯილდო 90 ქვეყნის 376 აეროპორტის 650 ათასი მგზავრის გამოკითხვის შედეგებს ემყარება. მგზავრებმა შეაფასეს აეროპორტის მიერ შეთავაზებული ისეთი სერვისების ხარისხი როგორიცაა მაგალითად, რეგისტრაციის პროცესი, უსაფრთხოება, საკვები და სასმელი, აეროპორტის აღჭურვილობა და მათთან მისაწვდომობა.