„თალიბანს“ უნდა ესმოდეს, საერთაშორისო იზოლაცია არ შედის მის, და განსაკუთრებით ავღანელი ხალხის, ინტერესებში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „თალიბანის“ მიერ წარდგენილი არაინკლუზიური დროებითი მთავრობა "არ არის სიგნალი ქვეყანაში მეტი საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობისთვის". ”ვიმედოვნებთ, რომ მთავრობის ფორმირების პროცესში, რომელიც არ დასრულებულა, შემდგომში ამისთვის საჭირო სიგნალები გაიგზავნება”, - აღნიშნა მაასმა. მისივე თქმით, „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლაში ავღანელი ხალხი არ არის დამნაშავე და ისინი არ იმსახურებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ზურგი აქციოს. მაასმა ხაზი გაუსვა, რომ ავღანეთს ჰუმანიტარული კრიზისი ემუქრება.