ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების 10-კვირიანი პერიოდი დასრულდა და ინფექციების ახალი ტალღა გარდაუვალია, თუ მოქალაქეები და კანონმდებლები დისციპლინას არ დაიცავენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 10% -ით მოიმატა, რაც გამოწვეულია მოგზაურობით, შეკრებებით და სოციალური შეზღუდვების შემსუბუქებით. „ეს ხდება ვითარების სწრაფად ცვალებადობის კონტექსტში - ახალი შემაშფოთებელი „დელტა“ ვარიანტით და ის ფაქტი, რომ რეგიონში მილიონობით ადამიანი აუცრელი რჩება. ჯანმო-ს ევროპის რეგიონში ახალი ტალღა იქნება, თუ მოქალაქეები და კანონმდებლები დისციპლინას არ დაიცავენ,“ - აღნიშნა კლუგემ.