ჰამბურგში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის პარალელურად, ქალაქში საპრტოტესტო აქციები გრძელდება. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელების ბარიკადები დაწვეს და ქალაქის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. შეტაკებების შედეგად სულ მცირე 160 პოლიციელი დაშავდა. სიტუაციის განსამუხტად, ჰამბურგის პოლიციას დამატებით 15 000 სამართალდამცველის დახმარება დასჭირდა, რომლებიც ჰამბურგში ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქიდან ჩავიდნენ. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტები სამართალდამცველების წინააღმდეგ შურდულებს, ბოთლებსა და ქვებს ისროდნენ. პოლიციამ აქციის 70 მონაწილე აიყვანა, 15 კი საპატიმროში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები დიდი ოცეულის სამიტს აპროტესტებენ და პოლიტიკოსებს, მსოფლიოში მიმდინარე ომებსა და სხვა უარყოფით მოვლენებში ადანაშაულებენ.