ჰაკერებმა Marriott International-ის სასტუმროების ქსელის 5 მილიონ 200 ათასი სტუმროს ინფორმაცია მოიპარეს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თაღლითების ხელში აღმოჩნდა სტუმრების მისამართები, ტელეფონის ნომრები, ელფოსტის მისამართები, დაბადების დღეები, ასევე ინფორმაცია დაწესებული შეღავათების შესახებ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქსელში სპეციალური შეტყობინება უკვე დაიგზავნა. ამასთან, ელექტრონული წერილები გაეგზავნათ სტუმრებსაც. საქართველოში მოქმედი Marriott-ის ქსელის სასტუმროების წარმომადგენლობაში კი აცხადებენ, რომ ასეთი შეტყობინება მათ არ მიუღიათ. მათი ცნობით, როდესაც საქართველოში ხდება ინფორმაციის გაჟონვა, ცენტრალური ოფისი მათ ამის შესახებ ატყობინებს. თუმცა, ამ დროისთვის შეტყობინება არ მიუღიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაკერებს მათი სტუმრების ინფორმაცია არ მოუპარავთ.
ცნობისთვის, კომპანია მსოფლიოს 134 ქვეყანაში 7 ათას 300 სასტუმროს ფლობს.