უცნობმა პირებმა ცოტა ხნის წინ ამოქმედებული სტრიმინგ სერვისი Disney+ გატეხეს და პლატფორმის ანგარიშები გასაყიდად სხვადასხვა ფორუმზე გაიტანეს.
Disney+ 12 ნოემბერს ჩაეშვა და ზუსტად 1 დღე-ღამეში მის მომხმარებლად 10 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა. სწორედ აღნიშნული დიდი რაოდენობის გამო დაზიანდა მისი ტექნიკური მხარე, რითაც ჰაკერებმა ისარგებლეს და ანგარიშები მოიპარეს. ამის შემდეგ მათ სხვადასხვა ფორუმზე ან უბრალოდ დაარიგეს, ან მინიმალურ ფასად 3-დან 11 დოლარამდე გაყიდეს ანგარიშები, მაშინ როცა ამ სერვისზე ერთ თვიანი ხელმოწერა 7 დოლარი ღირს და ის ორჯერ იაფია მის კონკურენტის Netflix-ის ხელმოწერაზე.
კომპანიის აღნიშნული სიახლის მიმართ მაღალმა ინტერესმა მის აქციებზე ფასის ზრდაც გამოიწვია. შედეგად კი კომპანიის კაპიტალიზაცია 18 მილიარდი დოლარით გაიზარდა. სტრიმინგ სერვისზე ამ მომენტისთვის განთავსებულია 500 ფილმი და დაახლოებით, 7 ათას 500 სხვადასხვა სერიალის ეპიზოდები.