თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის იდეას დადებითად აფასებს. როგორც კომისიაში ამბობენ, ასეთი ტიპის პარკირების ადგილები დედაქალაქში მდგომარეობას მკვეთრად შეამსუბუქებს. ამის გარდა, კომისიის წევრები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობაზეც საუბრობენ. მათი თქმით, ტექდათვალიერება იქნება მაიძულებელი ავტომობილს შევხედოთ, თუ რა მდგომარეობაშია. ამასთან, როგორც კომისიაში აცხადებენ, ჰაერის დაბინძურებაში თითქმის 80% ტრანსპორტის გამონაბოლქვის წილია.ცნობისთვის, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის. კერძოდ, 1-ელი ივლისიდან, ტექნიკური ინსპექტირების გავლას, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან. შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში, 2018 წლის პირველ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული, ყველა სატრანსპორტო საშუალება.