თუშეთში ტურისტული სეზონის გახსნა რამდენიმე კვირით დაგვიანდება. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, თუშეთის გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანია "გერალი" ამ დროისთვის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს, თუმცა არის გზის დამეწყრილი მონაკვეთი, რომელზეც კომპანიას დამოუკიდებლად საქმიანობის წარმოება გაუჭირდება. აღნიშნულ მონაკვეთზე დაგუბებულია წყლის დიდი მასა, რის გამოც შესაბამისი სამუშაოების ჩატარება გარკვეულ დროს მოითხოვს. გზის აღდგენამდე ადგილობრივებს, რომელთაც თუშეთთან კონტაქტი სჭირდებათ, ვერტმფრენი კვლავ მოემსახურებათ.