პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა “სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები იზღუდება და პროცედურები მკაცრდება. ცვლილებების თანახმად, გვარის შეცვლის ცალკეულ საფუძვლებზე დაყრდნობით, პირს უფლება ექნება გვარი მხოლოდ ერთხელ შეიცვალოს. სრულწლოვანებისას პირს შეეძლება, ერთხელ გააკეთოს არჩევანი, მიიღოს თუ არა - მშობელთა შეერთებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის თუ ისტორიული გვარი და სხვა.გარდა ამისა, ყველა ადამიანს შეეძლება ქორწინებისას და განქორწინებისას აირჩიოს მეუღლის გვარი ან შეაერთოს საკუთარი და მეუღლის გვარები, თუმცა ამ არჩევანის გაკეთება მხოლოდ ქორწინების მომენტში იქნება დასაშვები.