მოშიმშილე რკინიგზელების ინფორმაციით, მათ გუშინდელი ღამის შემდეგ "საქართველოს რკინიგზის" ოფისში შესვლის საშუალებას აღარ აძლევენ. როგორც საუბრისას რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ განაცხადა, „მათ გუშინდელი დარბევის შემდეგ რკინიგზის შენობის ფოიეშიც კი აღარ უშვებენ“, არ ეძლევათ საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა, ჩაის ადუღებისა და მობილურების დატენვის საშუალება. გიორგაძის განცხადებით, აღნიშნული აკრძალვები "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კოკა გუნცაძის მითითებით დაწესდა.
რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარე აცხადებს, რომ პოლიციელების მიერ ნაცემია ერთ-ერთი მოშიმშილე თენგიზ დვალიშვილი. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შიმშილობას 14 ადამიანი აგრძელებს.