გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული წევრის, დავით კირკიტაძის საქმეზე სხდომა გაიმართება. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. ბოლო სხდომაზე, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე დავით ნაიმანიშვილმა ძალაში დატოვა. რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.