გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესის საჯაროობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის პროცესები დახურული რეჟიმით არ უნდა მიმდინარეობდეს და მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. იგი საზოგადოების და მედიის პროცესებზე დასასწრებად, შუამდგომლობის დაყენებას მომდევნო პროცესზეც გეგმავს. როგორც ცნობილია, მოსამართლემ კირკიტაძის წინა პროცესზე, ერთ-ერთი მოწმის დაკითხვის დროს დარბაზში ხმაურის გამო პროცესი დახურა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტს. დავით კირკიტაძეს ბრალი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის ედება. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.