თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში , სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ნაწილს ბინებში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შეუშვებენ. ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ირაკლი ანდღულაძის განცხადებით , ამჟამად საცხოვრებელ კორპუსში დასუფთავების და დაზღვევის სამუშაოები მიმდინარეობს. ანდღულაძის თქმით, მე-3, მე-4, მე-5 სართულებზე განთავსებულ საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით სპეციალისტები იმუშავებენ და შესაბამის დასკვნას დადებენ. ცნობისთვის, გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, ერთი დაშავებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას. კორპუსის მცხოვრებლები სასტუმროებში არიან განთავსებულები.