ჩვენი გული დაუღალავად მუშაობს და შეკუმშვა-გაფართოებისას მის პარკუჭებში ჩაღვრილ სისხლს უკან, ორგანიზმში გადაისვრის. ასე გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ ისეც ხდება, რომ გულის კუნთი სისხლს ჯეროვნად ვეღარ ტუმბავს. ამგვარი ცვლილება გულის უკმარისობის მაჩვენებელია, რომელსაც უმთავრესად იწვევს კორონარული არტერიების პათოლოგია, მაღალი არტერიული წნევა და ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მათ შორის – დიაბეტი.
იმ ადამიანებმა, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული პათოლოგიები აქვთ კარგად იციან, რომ გაზაფხულის პირველივე თვეს დაავადების სიმპტომები განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება, შესაბამისად, ამ პერიოდში მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა თავიდან აიცილონ გამწვავებები.
რა აწუხებს გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტს და როგორ ვუშველოთ ჩვენს გულს - მკურნალის შეკითხვებს პასუხობს პროფესორი ლერი ლაფანაშვილი, გულისა და სისხლის მიმოქცევის სამკურნალო-კვლევითი ცენტრი "მარჯის" ხელმძღვანელი.