თუკი 4 ნოემბრამდე „ცენტრ პოინტის“ საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება, გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს. ბათუმის „მაგნოლიას“ საქმეზე სასამართლო განხილვების 2- წლიანი ვადა 4 ნოემბერს გადის. მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული, რომელზეც თუკი საპროცესო შეთანხმება არ იქნება გაფორმებული, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ამის შემდეგ კი დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე ისარგებლებს და ბრალდებულების საბოლოო სიტყვის შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. თუკი საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, გუკა რჩეულიშვილი შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს. საპროცესო შეთანხმება, რომელიც „ცენტრ პოინტის“ საქმეზე უნდა გაფორმდეს, გუკა რჩეულიშვილის გარდა, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ეხებათ. გარიგების საფუძველზე, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს დატოვებენ და მათ დარჩენილი რეალური სასჯელი, პირობით მსჯავრად დაეკისრებათ.