საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი შეჩერებულია, რაც მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა განაპირობა.მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უკანონო „ბორდერიზაციის“ შესახებ, სახელმწიფომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. ზალკალიანის შეფასებით, საერთაშორისო წარმომადგენელთა შეფასებები და პრინციპული პოზიცია არის ზუსტად დიპლომატიური ზეწოლის ის მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედების შეჩერების პროცესში.