გუდაურში ნამყოფ პირებს, რომლებსაც უცხოელ ტურისტებთან ჰქონდათ კავშირი, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, გუდაურის შემთხვევასთან კავშირში არ ყოფილან. მან დაადასტურა, რომ გუდაურიდან რამდენიმე პირს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა, ყველა მათგანზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
შეგახსენებთ ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. ტურისტებს კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, თავიანთ ქვეყანაში აღმოაჩნდათ.
ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს კი გამოხატული სიმპტომები აქვს.