ფრანგული კომპანია Kering-ი, რომელიც მთელ რიგ მოდური ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელ ბრენდებს, მათ შორის Gucci-სა და Yves Saint Laurent-ს ფლობს, იტალიის საგადასახადო ორგანოებს მილიარდ 250 მილიონ ევროს გადაუხდის. საქმე ეხება კომპანიის მხრიდან გადასახადების დამალვას.
როგორც მანამდე სააგენტო Bloomberg წერდა, Gucci-ის საგადასახადო აუდიტმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით ჩატარდა, გამოავლინა, რომ კომპანიამ იტალიის ბიუჯეტს მილიარდი 400 მილიონი ევროს გადასახადი დაუმალა. თუმცა, კეთდებოდა განცხადება, რომ გამოძიება შვეიცარული კომპანიის LGI -ის საქმიანობაზე მიმდინარეობდა.
2017 წლის დეკემბერში კი გაზეთი La Stampa წერდა, რომ იტალიის სამართალდამცველმა ორგანოებმა Gucci-ის მილანისა და ფლორენციის ოფისებში ჩაატარეს ჩხრეკა. სამართალდამცველებს ეჭვი ჰქონდათ, რომ კომპანია წლების განმავლობაში თავს არიდებდა გადასახადებს და მის გაყიდვებს LGI-ის ანგარიშებში უთითებდა.