რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მისი თქმით, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც რუსეთს აწყობს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე იმედი ამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს ანაკლიის პორტის პროექტს. პომპეოს შეფასებით, პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას.