გორის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების წარმომადგენლებსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულ მოსახლეობას დახმარების სახით 4 კომპონენტი შესთავაზეს: ვაუჩერების დარიგება, რომელზეც დაირიცხება თითოეულ ჰა. მიწის ნაკვეთზე 200 ლარი; მიმდინარე სეზონზე საირიგაციო გადასახადისგან (1 ჰა. ფართობი 75 ლ.) გათავისუფლება; საბანკო სექტორთან შუამდგომლობის საფუძველზე აგროსესხების გადავადება; დონორული პროგრამის ამოქმედება.
დაზარალებულთა ნაწილმა ხელისუფლების ამ შეთავაზებაზე უკმაყოფილება გამოთქვა და იმ 70 პროცენტიანი წილით დახმარება მოითხოვა, რომელიც დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, თანამონაწილეობის სახით, სახელმწიფოს უნდა გაეღო. შეხვედრაზე დაზარალებულებმა მიწების რეგისტრაციისა და აგროდაზღვევის სისტემის დახვეწის აუცილებლობის საკითხიც დააყენა.