Google-მა ავღანეთიდან გაქცეული მთავრობის ელექტრონული ფოსტის მისამართები დროებით დაბლოკა, რომ მთავრობის ყოფილი წევრები თალიბების მხრიდან, ელექტრონული მიმოწერის გაცნობის შედეგად, დევნის ობიექტები არ გახდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების სწრაფი მოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ცალკეულ ანგარიშებში იწერებოდა, რომ ახალმა მმართველებმა თავიანთ მტრებზე სანადიროდ შესაძლოა, გამოიყენონ ბიომეტრული და სახელფასო მონაცემთა ავღანური ბაზა.
გავრცელებულ განცხადებაში Google ღიად არ ადასტურებს ავღანეთის ყოფილი ოფიციალური პირების აქაუნთების დაბლოკვას, თუმცა შენიშნავს, რომ კომპანია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და „შესაბამისი აქაუნთების დასაცავად დროებით ზომებს მიმართავს.“