გონიოში, შავი ზღვის სანაპიროზე, შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორ სამხედროს ეძებენ. იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, მათ ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამაშველო ღონისძიებებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენი საშუალებაც ჩაერთოს.