მტრედი - გონიერ და ძლიერ მტრედს, რომელიც პაბლო პიკასომ მშვიდობის სიმბოლოდ აქცია, ოდესღაც პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა, რადგან საოცარი გამძლეობის და სისწრაფის წყალობით ფრინველმა ჯერ ფოსტალიონის მისია იკისრა, მერე სპორტულ შეჯიბრებაში ჩაება. სხვათა შორის, აზიის ქვეყნებში დღესაც პოპულარობით სარგებლობს მტრედების ოლიმპიური თამაშები, რომელიც ყოველ წელს ეწყობა და კონკურენტულ ბრძოლაში ავლენს გამარჯვებულებს.
სამხრეთ პოლუსის გარდა მთელ მსოფლიოში გავრცელებული მტრედი ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს როგორც უდაბნოსა და ხშირ ტყეში, ისე ზღვის დონიდან 5 ათასი მეტრის სიმაღლესა და ურბანიზებულ ტერიტორიაზე. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით მტრედის ოჯახი სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის ტენიან ტროპიკულ ტყეებშია წარმოდგენილი, თუმცა, ზოგიერთი სახეობა, მათ შორის ნაცარა მტრედი პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე ვრცელდება და მეტწილად ქალაქის ბინადრად ითვლება.
მტრედის ოჯახი გაბარიტებით და ზოგჯერ შეფერილობით განსხვავებულ 300-მდე სახეობას აერთიანებს. ყველაზე მსხვილ წარმომადგენლად ნათესავებს შორის გვირგვინოსანი მტრედი ითვლება პაპუა-ახალი გვინეადან, რომელიც თითქმის 3 კილოგრამს იწონის, ყველაზე მინიატურული კი - ავსტრალიელი ბრილიანტის ზოლიანი გვრიტია, რომლის მასა მხოლოდ 30 გრამს შეადგენს.