"ჩვენ სხვებზე უკეთესი ვართ, არ გვყავს მბრძანებელი, არ ვემორჩილებით არავის და საკუთარი თავისუფლებით ვტკბებით", - ამაყად ამბობენ სურმას ტომის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ თავს უცხოპლანეტელების შთამომავლებად მიიჩნევენ და ძლიან ამაყობენ თავისი წარმომავლობით, ორიგინალური მორთულობით იმოსებიან და უცნაური ნახატებით იჭრელებენ სხეულს, აბსოლუტურად არ სცნობენ ცივილიზაციას და ქედმაღლურად უყურებენ სტუმრად წვეულ ცნობისმოყვარეებს. აფრიკის გულში, ეთიოპიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სუდანისა და კენიის საზღვართან, დანარჩენი სამყაროსგან უზარმაზარი მთებით იზოლირებულ ტერიტორიაზე შავკანიანთა ნახევრად მომთაბარე ტომი -სურმა ბინადრობს, რომელიც სულ რაღაც 28 ათასს აბორიგენს აერთიანებს.მძიმე კლიმატური პირობების და რთული რელიეფის, გაუვალი გზებისა და ინფრასტრუქტურის არ არსებობის წყალობით, მცირერიცხოვანი სურმა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ და ანთროპოლოგებისთვის ნაკლებად შესწავლილ ტომად რჩება, თუმცა, აბორიგენებს სულაც არ ანაღვლებთ გარე სამყაროსთან კონტაქტის დეფიციტი, ცივილიზაციის მიღწევებიდან კი, მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატს სცნობენ და იმ მატერიალური სიკეთით - ჩალის ქოხებით, შინაური პირუტყვით და პრიმიტიული შრომის იარაღებითაც კმაყოფილი არიან, რაც გააჩნიათ.