გლოსიტი ენის ანთებაა. ის, უმეტესად, რომელიმე სხვა დაავადებას მოჰყვება. თუმცა დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს. მიმდინარეობის მიხედვით გლოსიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავე გლოსიტი ხასიათდება ენის ტკივილით, შეშუპებითა და სიწითლით. ანთებითი პროცესის ხელშემწყობ ფაქტორად იმუნიტეტის დაქვეითება მიიჩნევა, რაც, თავის მხრივ, პირის ღრუს ადგილობრივ იმუნურ ძალებსაც აქვეითებს და მიკრობთა პათოგენური თვისებების გამოვლენას ეხმარება. ანთებითი პროცესი უხშირესად სწორედ ღრძილებიდან იწყება და სწრაფად პროგრესირებს. ავადმყოფს აწუხებს ტკივილი, უმადობა, ყლაპვის გაძნელება, ლიმფური კვანძების გადიდება, ტემპერატურის მომატება, ამ დროს ღრძილებზე მსუბუქი შეხებაც კი სისხლდენას იწვევს. ანთებითი პროცესი ღრძილებიდან ზოგჯერ ენის ლორწოვან გარსზე ვრცელდება და გლოსიტის განვითარებას იწვევს.შედარებით იშვიათად ენის ანთება ინფექციური დაავადებების თანმდევია. ასეთ შემთხვევაში ენა წითლდება, შუპდება და ნადებით იფარება. ზოგჯერ ანთებითი პროცესი ღრმად იჭრება ენის სისქეში და აბსცესს ან ფლეგმონას აძლევს დასაბამს.