გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინიციატივით, გლობალურ ტურიზმთან დაკავშირებით სტარტაპ კონკურსი ჩატარდება, რომელიც მსოფლიოს 164 ქვეყანას მოიცავს. კონკურსის მიზანია ტურიზმის სექტორის ტრანსფორმაცია, ინოვაციების დანერგვა, ახალ ბიზნესმოდელებზე ორიენტირებული სტარტაპების წარმოჩინება, მათ შორის, წრიული ეკონომიკისა და გაზიარებითი ეკონომიკის მიმართულებით. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სექტორში დამატებითი ინოვაციებისა და ინვესტიციების განხორციელება, საუკეთესო საშუალებაა ტურისტული პროდუქტების გასაუმჯობესებლად, რაც ჯამში სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით უზრუნველყოფს მდგრადი ტურიზმის განვითარებას. პროექტში ჩართულია მსოფლიოში ცნობილი საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს მეწარმეობისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის თვალსაზრისით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ბიზნეს მოდელები დაკავშირებული უნდა იყოს 4 ძირითად სფეროსთან. ესენია: მოგზაურობის სამომავლო განვითარება, შთაბეჭდილებები ტურიზმის სექტორში, გარემოზე ზეგავლენა და თემის განვითარება.