"ევროპული საქართველოს" წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, მისი მანქანის აფეთქების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელიც ვერ იქნება დაკავებული. როგორც "პალიტრანიუსს" თარგამაძემ განუცხადა, გამოძიება ამტკიცებს, რომ დავით ხეჩუაშვილი ამ დროისთვის ძებნილია, თუმცა სად არის, ან როდის გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი, მისთვის უცნობია. გივი თარგამაძის განმარტებით, ზოგადად ეს სასჯელი ადეკვატურია, თუმცა ხეჩუაშვილის სახით შერჩეულია ადამიანი, რომელის დაკავებაც ვერ მოხერხდება. მისივე თქმით, მანქანის აფეთქების საქმეში დავით ხეჩუაშვილთან ერთად ფიგურირებს ორი ადამიანი - ბორის ჩაგუნავა და დიმიტრი აბრამიშვილი. მისი ინფორმაციით, ჩაგუნავა თავისუფლებაშია და აბრამიშვილიც შესაძლოა, საქართველოში იმყოფება.