თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა სრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება. ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის თქმით, სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარის შესავალი სიტყვები იქნება წარმოდგენილი. როგორც დავით ჭიკაიძე ამბობს, ამის შემდეგ სასამართლო ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.
გიორგი შაქარაშვილის საქმის აღნიშნული ეპიზოდი მცხეთის რაიონული სასამართლოს ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება. ცვლილების მიზეზად მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლეების მცირე რაოდენობა სახელდება, რის გამოც, თითოეულ მათგანს განსახილველად ბევრი საქმე აწერია.
საქმეში თავდაპირველად 11 ბრალდებული ფიგურირებდა, მას შემდეგ კი, რაც სამმა პირმა ნაფიცი მსაჯულები აირჩია, ამ ეპიზოდზე რვა ბრალდებული დარჩა. მათ ბრალად ედებათ ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა