საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონს, რომელსაც ვეტო დაადო, პარლამენტმა დაძლიოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტებს, რომლებაც ვეტო დაადო და შემდეგ პარლამენტმა დაძლია, მოგვიანებით ცვლილებები კვლავ შევიდა.
"რა ვეტოც დავადე, რომელიც ვეტოც გამოვიყენე, ყველა ვეტო, მერე ისევ გადაწერეს. მაგალითად, ვეტო ეროვნული ბანკის თაობაზე, ვეტო კონსტიტუციაზე, რაზეც ვეუბნებოდი, რომ ეს ცვლილებები შეასატანია, დღეს თავად შეაქვთ ეს ცვლილებები... ძალიან დიდი შანსია ეს ვეტო დაძლიონ. თუნდაც მარტო იმისთვის, რომ იგრძნონ ემოცია - ჩვენ შეგვიძლია ვეტოს დაძლევა. უყურებთ ხოლმე ეთერს, როდესაც ვეტოს გამოვაცხადებ, მერე როგორ იემოციაა?! უცებ ამბობენ - „ჩვენ ვეტოს დაძლევა შეგვიძლია“ . ერთიანობის, აღფრთოვანების განცდაა, რომ თურმე ვეტოს დაძლევა შეუძლიათ. შესაძლოა, მარტო პოლიტიკური რაღაცის გამო დაძლიონ. მერე აიღონ და ისევ ის კანონი დაწერონ, რაც მე ვეტოში დავუწერე. ასე არაერთხელ ყოფილა", - განაცხადა მარგველაშვილმა.