მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დეკანოზს შეიწყალებს. მიხეილ რამიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოზიციასაც იხსენებს, რომელმაც ორჯერ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება. გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი საპატრიარქოს პოზიციას ფარსს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საპატრიარქოდან არავინ დაინტერესებულა მათი რეკომენდაციის შედეგზე. რამიშვილის შეფასებით, ეს არის ფორმალური შუამდგომლობა. შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს. დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს ე.წ. ციანიდის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.