გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს და თხილის ბაღებში არსებულ ვითარებას გაეცნენ.
აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულების წარმომადგენლები, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა და მეთხილე ფერმერები ესწრებოდნენ, წარმოადგინეს დეტალური ანგარიში მიმდინარე სამუშაოებისა და მავნებლის პოპულაციის შესახებ.
დღეისათვის ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავებულია 6200 ჰექტარზე მეტი ფართობი, დამონტაჟდა 36 ათასი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური; მავნებლის მონიტორინგის მიზნით დასავლეთ საქართველოში განთავსებულია 2500 და აღმოსავლეთ საქართველოში 900 მონიტორინგის სადგური.