"ევროპული საქართველო" ოკუპირებულ აფხაზეთში ამერიკული კომპანია AirBnB-ს ოპერირების განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საშიში პრეცედენტია. გიორგი კანდელაკის განცხადებით, ამერიკული კორპორაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განდევნილი ქართველების უძრავი ქონების გაქირავება რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაციაა. კანდელაკის განმარტებით, პარტია "ევროპული საქართველო" პარლამენტში რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს, რომლის თანახმადაც პარლამენტი მთავრობას რუსეთის ფედერაციაზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მათ შორის ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შეტანას დაავალდებულებს.