საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.
საქართელოს მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით გაიმართა, რისი მიზეზიც გახდა კოვიდ-19-ის პანდემია.
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და განიხილა აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია „კოვიდ-19“-ის პანდემიის საპასუხოდ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას ოქტომბერში და აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები არის დემოკრატიული არჩევნების შემადგენელი ნაწილი. ის მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ამკვიდრებს და ხაზი გაუსვა მიღებული საარჩევნო რეფორმის ზედმიწევნით იმპლემენტაციის აუცილებლობას.
სახელმწიფო მდივანი გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს ძალისხმევა საქართველოს სასამართლო სისტემის განსამტკიცებლად, როგორც გადამწყვეტი ნაბიჯი უცხოური ინევსტიციების მოსაზიდად და გაფრთხილება გააკეთა საქართველოში სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზების წინააღმდეგ.