საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო.
გიორგი გახარიას პატივსაცემად სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა ყურადღება ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. ქართველ კოლეგას ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა დაასახელა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.